2007 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პილოტური პროგრამა, რომელიც დაფინანსდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. იგი ითვალისწინებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვევას. სადაზღვევო დაფარვის მოცულობა განისაზღვრა სამედიცინო მომსახურებების წინასწარ დადგენილი პაკეტით, ხოლო ბენეფიციართა გამოვლენა მოხდა შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით.
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის დაგეგმარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ადეკვატური სადაზღვევო ნეტო (რისკ) პრემიის სიდიდის დადგენა, რომელიც სახელმწიფომ ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს ერთ დაზღვეულზე.
ადეკვატური ნეტო პრემიის სიდიდის დადგენა ხდება აქტუარული გათვლების საფუძველზე და სავსებით ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის გაზაფხულზე სოციალური დაზღვევის ერთიანი ეროვნული ფონდის დაკვეთით აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციამ განახორციელა პროექტი „უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის ტარიფიკაცია“, რომლის ფარგლებშიც დასმული იყო შემდეგი ძირითადი ამოცანები:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის ბრძანება #40ნ–ით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის სიდიდის გაანგარიშება;
- ზემოთ ხსენებული სადაზღვევო დაფარვის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება.
ყოველი სადაზღვევო პროგრამის წარმატებისათვის აუცილებელია მისი მაქსიმალურად სწორად დაგეგმარება და შემდგომი ეფექტური მართვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს პროგრამის განხორციელების პერიოდულ მონიტორინგსა და დროთა განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანას გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე აქტუარული გათვლების პერიოდულად ჩატარების საჭიროება გამომდინარეობდა როგორც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის მკვეთრი ზრდით, ასევე – სამედიცინო მომსახურების გაფართოებით.
ზემოთ ხსენებული პროექტის განხორციელების პროცესში ჩატარებული აქტუარული გათვლები ძირითადად ეფუძნებოდა სოციალური დაზღვევის ერთიანი ეროვნული ფონდის მონაცემებს, რომლებსაც ფონდი აგროვებდა სახელმწიფო (არა–სადაზღვევო) პროგრამების განხორციელების პროცესში. სახელწიფო სადაზღვევო პროგრამის დახვეწისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო პროგრამის განხორციელების პროცესში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებების შესახებ მონაცემთა ბაზების ფორმირება.
სწორედ ამ ბაზებსა და ასევე, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით, 2008 და 2009 წლებში, აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრებისგან დაკომპლექტებულ კონსულტანტების ჯგუფმა ჩაატარა განმეორებითი აქტუარული გათვლები და წარადგინა თავისი რეკომენდაციები ნეტო პრემიის სიდიდის კორექტირებასთან დაკავშირებით. ეს სამუშაოები შესრულდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
2010 წელს ფასდადება განხორციელდა არა აქტუარული მეთოდებით გამოთვლილი ნეტო პრემიის საფუძველზე, არამედ სადაზღვევო კომპანიების მიერ უმცირესი შეთავაზებული ფასის მიხედვით (გეოგრაფიული პრინციპით გამართული აუქციონის მიხედვით).
2011 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მონიტორინგის გაგრძელების შესახებ. ასევე, დაიგეგმა პროგრამის შემდგომი გაფართოება, რაც გულისხმობდა 2012 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისა და 65 წელზე მეტ ასაკში მყოფი მოსახლეობის პროგრამაში ჩართვას.
ამას გარდა, პროგრამის დაწყებიდან გასული ოთხი წლის განმავლობაში მის განხორციელებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მოწესრიგება და შენახვა ევალებოდა სხვადასხვა უწყებებს. სავარაუდოდ ამის გამო, ამ დროის განმავლობაში, ერთის მხრივ არ არსებობდა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის ერთიანი სტანდარტი და მეორეს მხრივ, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც თან ახლდა ინფორმაციის ერთი უწყებიდან მეორეში გადაბარების პროცესს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, 2011 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოახდინა ახალი პროექტის ინიცირება, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაძლიერების პროექტის (HSSP) ნაწილს. ბუნებრივია, ახალი პროექტის ძირითად მიზნებად მოიაზრებოდა სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მონაცემების წინასწარი შესწავლა, არსებული პროგრამის მონიტორინგის გაგრძელება და მისი ახალი ნაწილისთვის ნეტო პრემიის დადგენა.
2011 წლის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების აქტუარული ანალიზი კვლავ აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრებისგან შემდგარ ჯგუფს დაევალა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კონსულტანტებმა მოახდინეს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ანალიზი და წარადგინეს ჩატარებული სამუშაოს შედეგად გაუმჯობესებული და რესტრუქტურიზებული ბაზები. ასევე, მათ შეიმუშავეს სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და წარმოადგინეს მათი შევსების დაწვრილებითი სახელმძღვანელო.
აგრეთვე, პროექტის ფარგლებში მოხდა ინდივიდუალური ყოველთვიური ნეტო პრემიის გათვლის დაწვრილებითი და მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის გამოყენება. სათანადო გათვლების ჩატარების შედეგად წარმოდგენილი იქნა ნეტო–პრემიების მნიშვნელობები, რომლებიც სხვადასხვა სანდოობითა და დაზღვეულთა სხვადასხვა ზომის ერთობლიობებისთვის არის ადეკვატური ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვისა და სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სახეებისთვის.