აქტუარი

აქტუარის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ მცირერიცხოვან და პრესტიჟულ პროფესიათა რიცხვს განეკუთვნება, მაგალითად აშშ-ში ამჟამად რეგისტრირებულია დაახლოებით 20,000 კვალიფიცირებული აქტუარი, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად 1,000-ით იზრდება. ინგლისში, სადაც ამ პროფესიას ყველაზე დიდი ტრადიციები გააჩნია, აქტუარების რაოდენობა 9,000-ს აღწევს.

პროფესიის  მცირერიცხოვნობა დიდწილად იმითაა გამოწვეული, რომ აქტუარად კვალიფიცირება საკმაოდ გრძელი პროცესია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში კვალიფიცირებული აქტუარის სტატუსის მოსაპოვებლად 15 პროფესიული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, რასაც საშუალოდ 5-7 წელი სჭირდება. საერთაშორისო აქტუარული ასოციაციის სტანდარტი სულ 8 გამოცდას მოიცავს, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში ემატება კონკრეტული ქვეყნის/ბაზრის თავისებურებების მიხედვით შედგენილი გამოცდები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ პროფესიათა რეიტინგებში აქტუარებს ტიპიურად მოწინავე პოზიციებზე შეხვდებით, ხშირად პირველ ადგილზეც კი. ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ამ პროფესიის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებას, მოიცავენ ანაზღაურებას, სოციალურ სტატუსს, სტრესის დონეს სამსახურში და ა.შ.

აქტუარებს გააჩნიათ ცოდნა და უნარები, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანალიზისა და გრძელვადიანი ვალდებულებების შეფასების განსახორციელებლად. შესაბამისად, აქტუარები მუშაობენ ისეთ სფეროებში, სადაც აუცილებელია ფინანსური განუზღვრელობის შეფასება. ისტორიულად აქტუარები ყველაზე უფრო ხშირად სადაზღვევო კომპანიებში და საპენსიო ფონდებში მოღვაწეობდნენ, თუმცა, მათ სხვაგანაც შეხვდებით, მაგალითად სახელმწიფო სადაზღვევო და სოციალური სტრუქტურებში, საკონსულტაციო ფირმებში, ბანკებსა და საინვესტიციო კომპანიებში, უმაღლეს სასწავლებლებში და კვლევით ცენტრებში, დიდ კორპორაციებში და სხვა. ტიპიური ამოცანები რომელთა შესრულებაც აქტუარს უწევს არის: სადაზღვევო რისკების შეფასება, საიდანაც ხდება სადაზღვევო ტარიფების განსაზღვრა, ტექნიკური რეზერვების გაანგარიშება, ზარალების სტატისტიკური ანალიზი, კორპორატიულ დაგეგმარებაში მონაწილეობა (მაგალითად კომპანიების შერწყმის დროს), ახალი სადაზღვევო პროდუქტის სამართლიანი ფასის განსაზღვრა, კატასტროფების ფინანსური შედეგების პროგნოზირებაში მონაწილეობა, საინვესტიციო პროგრამების ანალიზი და სხვა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქტუარების აქტივობა შედარებით არატრადიციულ სფეროებშიც შეინიშნება. მაგალითად, დღეს აქტუარებს შეხვდებით საინვესტიციო ბანკების ფინანსური მოდელირების დეპარტამენტებშიც, სადაც ტრადიციულად მათემატიკოსები და ფიზიკოსები დომინირებდნენ. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, აქტუარების გავლენა ამ სფეროში საკმაოდ დიდია. მაგალითისთვის საკმარისი იქნება დეივიდ ლის ხსენება, რომელიც გახლავთ ფინანსების უახლეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფორმულის ავტორი. ეს ფორმულა, რომელიც გამოიყენება ე.წ. აქტივებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების (Colaterilised Debt Obligations) ფასდადებისთვის, ჯერ ფინანსური სამყაროს უდიდეს აღმოჩენად მიიჩნია ყველამ, ხოლო შემდეგ, 2008 წლიდან მოყოლებული, გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად.

კიდევ ერთი, ახალი სფერო აქტუარებისათვის საწარმოების რისკის მართვაა (Enterprise Risk Management). ეს შედარებით ახალი მიმართულებაა რისკ მენეჯმენტში, რომელიც კომპანიებში რისკების მართვის ერთიან მიდგომას ქადაგებს. საქმე იმაშია, რომ ტრადიციულად ბიზნეს რისკების მართვა კომპანიებში დანაწევრებული იყო, თავად ამ რისკების თავისებურებების გათვალისწინებით (მაგალითად, საოპერაციო და სტრატეგიული რისკების მართვა სხვადასხვა დონეზე ხდებოდა). ამ მიდგომის მიხედვით, რისკების ერთიან მენეჯმენტს ემატება აქტუარების ტექნიკური უნარები და გამოცდილება, რამაც უნდა უზრუნველყოს საფრთხეების თავიდან აცილება და რისკების პოზიტიური პოტენციალის უკეთესი გამოყენება.

პროფესიის შესახებ

სიტყვა აქტუარი ლათინური actuarius-იდან არის ნაწარმოები. იულიუს კეისრის დროს, ძველ რომში, ასე ერთის მხრივ, მათ უწოდებდნენ, ვინც სენატში Acta Publica-ში აქტების ჩაწერას აწარმოებდა, ხოლო, მეორეს მხრივ, ოფიცრებს, რომლებიც სამხედრო მომარაგების საკითხებსა და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ანგარიშსწორებას განაგებდნენ.

>> ტექსტი სრულად იხილეთ აქ.