განათლება

აფაას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიმოხილვა

აფააში საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობს ლექციებისა და სემინარების სახით. ლექცია-სემინარები იყოფა ორ ჯგუფად: მოსამზადებელი კურსები სტუდენტებისათვის და პროფესიული ტრენინგები სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სტუდენტების მოსამზადებელი კურსების ფარგლებში ისწავლება: ალბათობის თეორია, დემოგრაფია, სტატისტიკა, რისკის თეორია და დაზღვევის საფუძვლები.

პროფესიული ტრენინგები კი ტარდება სპეციალური სასწავლო პროგრამების მიხედვით, რომლებიც შეიქმნა აქტუართა საერთაშორისო ასოციაციის გამოცდილებისა და საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

ამისათვის შეიქმნა შემდეგი სპეციალიზირებული სასწავლო კურსები:

  • აქტუარული აღრიცხვის საბაზისო კურსი სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევაში;
  • აქტუარული აღრიცხვის საბაზისო კურსი არასიცოცხლის დაზღვევაში;
  • აქტუარული აღრიცხვის გაძლიერებული კურსი სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევაში;
  • აქტუარული აღრიცხვის გაძლიერებული კურსი არასიცოცხლის დაზღვევაში;

ამასთანავე, აფაას მეცნიერებისა და კვლევის კომიტეტი პერიოდულად ატარებს სამეცნიერო სემინარებს, სადაც განიხილება აქტუარული ლიტერატურა და ახალი ნაშრომები ამ დარგში.

ააფა-ს დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა აქტუარული მოდელირებისა და ფინანსური ანალიზისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები და გამოქვეყნდა სტატიები. აგრეთვე, ფონდ „ევრაზიის“ დახმარებით გამოიცა რამოდენიმე წიგნი (ამ და სხვა ლიტერატურის ნახვა შეგიძლიათ საიტის ბიბლიოთეკაში).

2005 წელს ჩატარდა საქართველოში პირველი აქტუარული ტრენინგი ”საბაზისო კურსი სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევაში“, რომელსაც ასოციაციის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლები.

2006-2007 წელს ჩატარდაა არასიცოცხლის დაზღვევის აქტუარული აღრიცხვის საბაზისო კურსი. კურსის ხანგრძლივობა იყო 3 თვე და ძირითადი თემები კი: (იხ. პროგრამა):

  • რისკის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
  • სადაზღვევო პროდუქტები არასიცოცხლის დაზღვევაში;
  • კომპანიის ზარალიანობის დინამიკის აქტუარული პროგნოზირება (რისკის ინდივიდუალური და კოლექტიური მოდელები);
  • პრემიების გამოთვლის პრინციპები;
  • გადაზღვევა და მისი სხვადასხვა ფორმები;
  • რეზერვირება;
  • რისკის პროცესი და გაკოტრების ალბათობა;
  • Excel-ის გამოყენება აქტუარულ გათვლებში.

სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს დაურიგდათ შესაბამისი სერტიფიკატები.

კურსის გავლის შემდეგ ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა ზოგადი დაზღვევის აქტუარის წოდების მოპოვების მსურველთათვის.